სოფელი ფარი

სოფელი ფარი
სვანეთის ერთ-ერთი ულამაზესი სოფელია ფარი.
დიდი იყო ოდითგანვე ფარის ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობა.სოფ.ფარი მდიდარია,როგორც მატერიალური,ისე არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობით.
ფარის თემი,რამდენიმე ტერიტორიული ერთეულისაგან შედგება:ქვემო ლუჰა,ზემო ლუჰა,ლამხერი,ფარი,კაცხი, სვიფი,ღეშდერი,ხოსრარი.
ტოპონიმი ფარი,შედარებით ახალია,ძველ დროში ამ თემს ერქვა მაი,რაც დასტურდება სვიფის წმ.გიორგის ეკლესიაში დაცული ქუდიანი ჯვრის მინაწერში:
"დიდო მთავარ მოწამეო
წმინდაო გიორგი ცხუფისაო
მეოხ და მფარველ ექმენ ორთავე
შინა ცხორებათა მამკობთა შენთა
ხევთ მაილელთა ამინ"
როგორც მინაწერიდან ვიგებთ,მაილელთა ხევი ეწოდებოდა,ტერმინი ხევი იმას ადასტურებს,რომ თემი ძლიერი და მრავალრიცხოვანი იყო.
იმავე ეკლესიაში ინახება საბძოლო დროშა,დროშის ტარზე არის უამრავი ნაჭდევი,რაც იმაზე მეტყველებს,რომ სწორედ ამ დროშის ქვეშ წყდებოდა სვანეთის სათემო საქმეები და ამ დიდი საქმეების გადაწყვეტაში  ფარის თემს თავისი წვლილი შეჰქონდა.
მოგვიანებით მაილელთა ხევის ცნება,სავარაუდოდ შევიწროვდა და თემს ეწოდა მაიჟიბჩუ.ამ ტერმინის შემოსვლასთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია არსებობს,კერძოდ,ბალს ქვემოთ სვანეთის მოსახლეობა სპორტული შეჯიბრების გასამართავად შეიკრიბა ფარის თემის სოფელ ფალედში (დღეს არ არსებობს,მხოლოდ ნასახლარებია).ფარის ვაჟკაცები თურმე გამოირჩეოდნენ, როგორც ჩაცმულობითა და კულტურით,ასევე სპორტული მონაცემებით,მათ ყველა სახეობაში პირველობა მოუპოვებით და მათით აღფრთოვანებულ ხალხს უთქვამთ," მაი ჯიბ ეჯი ჩუბ" ანუ როგორც გარეგნულად კარგები არიან,ასეთივენი არინ ყველანაირადო.
მეორე ვერსიის თანახმად,მაიჟიბჩუ ფარის თემის შემადგენლობში მყოფ სოფლების ტერიტორიულ მოწყობაზე მიგვანიშნებს მაი ზევით და ქვევთ ანუ სვიფიდან ქვემო ლუჰამდე. როდის გაჩნდა ტოპონიმი ფარი,არავინ იცის,უხუცესი შოთა დადეშქელიანი ამ ტერმინის შემოღებას ფერს უკავშირებს,ფარ სვანურად ნაცრისფერს ნიშნავს,თითქოს,ზამთრის დიდთოვლიანობის დროს სოფელი როგორც ნაცრისფერი ისე მოჩანდაო და აქიდან დაერქვა ფარიო,სხვა ვერსიით ის საბრძოლო ფარს უკავშირდება,როგორც ფარის თემს ვაჟკაცობისა და სიმამაცის სიმბოლო, თითქოს ფარის შემოსასვლელთან ეკიდა საბრძოლო ფარი.
ფარის თემს მართავდნენ ფარის დადეშქელიანები,რომლებიც თურმე გამოირჩეოდნე ნ დიდსულოვნებითა და შემწყნარებლობით თავიანთი ყმა-გლეხებისადმი.ფარის უკანასკნელი მმართველი იყო, თავისუფალი სვანეთის უკანასკნელი თავადი კონსტანტინე(მურზაყან )დადეშქელიანი,რომელმაც პირველმა აღმართა მახვილი რუსეთის ცარიზმის წინააღმდეგ.
ფარის თემში სხვადასხვა გვარის წარმომადგენლები ცხოვრობენ: ნარსავიძეები,რეზესიძეები,აფრასიძეები, ცალანები,ვიბლიანები,დადეშქელიანები,ჩხეტიანები,ჩხვიმიანები,ჯაჭვლიანები,გადრანები და წულუკიძე-წულუკიანები.
რამოდენიმე გვარი ამომწყდარი და დავიწყებას მიცემულია,როგორიცაა ღორღოლიანები,რეჩქიანები,ყორყოჯიანები კვიმფხვანი და ვინ იცის კიდევ რამდენი გვარი რომელიც ჟამთ სიავემ აღგვა პირისაგან მიწისა.
დღეს ფარის თემი დაცლის პირასაა,ქალაქისაკენ ლტოლვამ,უკეთესი ცხოვრების მოწყობის მიზნით,მოსახლეობის რაოდენობა მკვეთრად შეამცირა.
სოფელი, როგორც აღვნიშნე, ოდითგანვე გამოირჩეოდა თავისი ზნეობითა და პატიოსნებით.ასე გრძელდება დღემდე.მაშინ როდესაც,90-იან წლებიდან მოყოლებული 2003 წლამდე გამეფებული იყო განუკითხაობა,ქაოსი,გზებზე ყაჩაღობა,ქურდობა,ნარკომანია,ფარის თემის ახალგაზრდობა არც ერთ უმსგავსო ქმედებაში არ იქნა შემჩნეული.თმის უხუცესებმა  სიტუაციის მართვა შეძლეს,შეკრიბეს თემი,ხატზე დაიფიცეს რომ არ დათესავდნენ კანაფს,(რომელსაც ფართო გამოყენება ქონდა სვანურ კულინარიაში და საოჯახო აფთიაქში.)რათა ახალგაზრდებისთვის არ ყოფილიყო ნარკოტიკული საშუალება ხელმისაწვდომი.შეჩვენებულ იქნა და ხატზე გადაცემული ყველა ის ვინც თემის პატიოსნებას შებღალავდა.თემმა ერთგულების ფიცი აიღო,რომ ერთმანეთს გვერდში ამოუდგებოდნენ გაჭირვების დროს,ერთმანეთს პატივისცემით მოეპყრობოდნენ და არ გაუკეთებდნენ ავსა და ზიანს. აი ასე შეინარჩუნა ერთიანობა ფარი თემმა ძნელბედობის ჟამს,ასე შეძლო სოფელმა პატიოსნი სახელის შენარჩუნება და დაცვა


Комментариев нет:

Отправить комментарий