სვანურ ყოფა-ცხოვრებაში, ოდითგანვე
დიდი ადგილი ეჭირა ნადირობას. სვანი კაცის ვაჟკაცობისა და სიმამაცის გამოწვრთნის და
გამოცდის ერთ-ერთი სარბიელი, სწორედ ნადირობა იყო.სვან მონადირეებს მაღალ, მიუვალ მთებსა
და ჭიუხვებში უწევთ გავლა ნანადირევის მოსაპოვებლად. ჩვენში, ძირითადად ჯიხვსა და არჩვზე
ნადირობენ. სვანურად ნადირობას „ლითხვარ“ ქვია, ხოლო მონადირეს „მეთხვარ“. ამ სიტყვის
მონათესავე სიტყვა ძველ ქართულ ტექსტებშიც დასტურდება „სათხევლად“, რაც თევზის საჭერ
ბადეს ნიშნავს. ამ სიტყვათა საერთო ძირი და წარმომავლობა კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართულ
და სვანურ ენათა საერთო წარმომავლობას.
სანადიროდ წასვლა განსაკუთრებლ
სამზადისს მოითხოვს. მონადირე თბილად იმოსება, ფეხსაცმელი მაღალყელიანი, თბილი და კბილანებიანი
უნდა იყოს, რათა თოვლსა და ყინულზე კარგი მოჭიდება ჰქონდეს. მონადირის ერთ-ერთი აუცილებელი
ატრიბუტია მსხვილი ჯოხი ანუ „მჯრა“ მჯრა ყველა სვან მამაკაცს აქვს ოჯახში, ის მსხვილი
ხის ტოტისაგანაა გამოთლილი და რკინის ბუნიკით ბოლოვდება.
სანადიროდ წასვლის წინ, მონადირე
თოფ-იარაღს აწესრიგებს, დიასახლისისაგან მალულად წმენდს და ამზადებს წასაღებად. თუ
ვაჟკაცი სანადიროდ წასვლას გადაწყვეტს, ვერავინ დაუშლის წასვლას, წესისამებრ აკრძალულია.
მონადირე წასვლის წინ თავადაც
მოწესრიგებული მიდის, ის განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს პირად ჰიგიენას. ოჯახი,საიდანაც მონადირე გადის წმინდად
უნდა იყოს,არ უნდა ყავდეს ახალმოლოგინებული ან რიგში მდგომი ქალი. განსაკუთრებით საინტერესოა
ის რწმენა-წარმოდგენები, რომლებიც ნადირობის სამზადისს თან ახლავს.
სვანურ რწმენა-წარმოდგენებში,
ნადირობა ღვთიურ საქმედ ითვლებოდა. ყველა წესის და რიგის დაცვას მოითხოვს. წინააღმდეგ
შემთხვევაში მონადირე ხელმოცარული დაბრუნდება შინ.
წასვლამდე მონადირის ოჯახში
უფროსი დიასახლისი აცხობს სეფისკვერებს, აღავლენს ლოცვას და გზას ულოცავს წამსვლელს,
შემდეგ ულაგებს საგზალს, საგზლად ხორცის ან კუბდარის წაღება აკრძალულია, ამიტომ ხაჭაპურები,
პური ყველი და სვანური არაყი მიაქვთ.
უძველესი დროიდან, სანადიროდ ძირითადად 3-4 კაციანი
ჯგუფი მიდიოდა. მონადირეები საიდუმლოდ დათქვამენ სანადიროდ გამგზავრების დროს და თარიღს.
ისინი გამთენიისას გადიან სოფლიდან, რათა თვალში არ მოხვდნენ მოსახლეობას. ეს წესი
ორი მიზეზით აიხსნება, ან გათვალვის ეშინიათ, ან იარღით ხალში გამოჩენას ერიდებიან.
ნადირობა 3-დან 5 დღემდე გრძელდება.
მონადირეები, ძირითადად კავკასიონის
მაღალ ქედებზე ნადირობენ, რადგანაც სწორედ აქაა გავრცელებული ჯიხვი და არჩვი. ამ ტერიტორიაზე
სხვადასხვა ადგილას გამოქვაბულებში მოწყობილია მონადირის სადგომი, სადაც ახლადმოსულს
ხვდება შეშის კონა. მონადირეთა შორის დაუწერელი კანონი მოქმედებს, მონადირემ, წასვლის
წინ აუცილებლად უნდა დატოვოს გამოქვაბულში შეშა, რათა სხვა გვიან მოსულმა, სიცივისაგან
გათოშილ მონადირეებმა შეძლონ ცეცხლის დანთება და გათბობა.
ნადირობისას მონადირეებს აკრძალული
აქვთ ბერხენი ჯიხვის მოკვლა,ის ჯოგის წინამძღოლია,ის ღვთის რჩეულია და მის მკვლელს
უბედურება დაატყდება თავს.
ასევე, მონადირეებს იმდენი ჯიხვის
თუ არჩვის მოკვლის უფლება აქვთ, რამდენის წამოღებასაც შეძლებენ გრძელ და რთულ გზაზე,
ეს დაახლოებით 3 ჯიხვია, თუკი მონადირეები მოკლულ ნანადირევს ვერ წამოიღებენ და იქვე
დატოვებენ ითვლება, რომ მათ გზაში ნადირობის მფარველი ღვთაება რაიმე უბედურება შეამთხვევს, ცხოველთა უმოწყალო დახოცვისათვის.
ნანადირევს, მონადირეები თანაბრად იყოფენ, თავრიელი
და რქები მას ერგება ვინც მოკლა, ხოლო ხორცს თანაბრად ინაწილებენ, გულ-ღვიძლს შამფურზე აცვამენ და შეწვავენ, იქვე ლოცვის რიტუალს
ატარებენ, ამ გულ-ღვიძლს უძღვნიან ნადირობის ქალღმერთ-დალის და მფარველ ბაი აფხზათს.
ცარიელ შამფურს იქვე დაწვავენ, მისი გადაგდება არ შეიძლება, რადგან სჯერათ რომ სანამ
ის შამფური არ განადგურდება, იქ ნანადირევს ვერავინ მოიპოვებს. შინ მოტანილ ნანადირევზე აუცილებლად პატიჟობენ სოფლის
ვაჟკაცებს და ატარებენ ლოცვის რიტუალს მშვიდობით და ხელდამშვენილი დაბრუნების გამო,დიასახლისი აცხობს სეფისკვერებს, რომელსაც სწირავენ ნადირობის
ქალღმერთს. ლოცვის შინაარსი ასეთ სახეს ატარებს: „ დიდაბ ჯგურაგს,მალდო აიხედა მტცე
ღერმათ,ნათხვრა ი მეთხვარ მაგ ისგუ ნაწეს ლი,შომა დო ემწუხუნეს ჩიგარ ლამეშდ,დიდაბ
სი მუჟრი ღერმათ,დიდაბ სი ლერსგვანხენ ლემხერდ,ქაჯ ი ეშმახენქა ჟამუნთხილ,მიშგუ მუჟრი
ღერმათ დიდაბ,კოჯაშ დალს დიდაბ„ რაც ნიშნავს: „ დიდება წმ.გიორგის, გწირავ ჩემ გამჩენ
უფალს,მონადირე და ნანადირევი ყველაფერი შენი შექმნილია,როცა კი დამჭირდეს ყოველტვის
მარჯვნივ ამომიდექი ქაჯი და ეშმაკისაგან დამიცავი ჩემ მწყალობელ ღმერთს დიდება,კლდის
დალს დიდება“
სუფრაზე ითქმის „მეთხვარ-მეთახელ მარემ“ სადღეგრძელო ანუ მონადირე კაცის.
ფარის თემში,შინ მშვიდობით დაბრუნებული მონადირეები უფლისადმი მადლობის
შესაწირად გადიან თარგლეიშის წმ.გოირგის ეკლესიის
ნანგრევებთან,რადგანაც ეს ადგილი ითვლება მონადირეთა მფარველ ადგილად. მონადირეებს აქ მიაქვთ სეფისკვერები და
ზედაშე. ძველ დროში,მოსახლეობა საეკლესიო ბეგარას იხდიდა,მათ შორის სამონადირეო.მონადირეები
ნანადირევით იხდიდნენ ბეგარას,გარკვეული დროის მერე გადავარდა ბეგარა,მაგრამ მონადირეებს მაინც მიქონდათ
ეკლესიაში ნანადირევის ხორცი და ამ ფორმით გამოხატავდნენ მადლიერებას უფლისადმი ,რომელმაც
ის ხელდამშვენებული და მშვიდობით დააბრუნა ნადირობიდან,ასე დამკვიდრდა ეს ტრადიცია ჩვენში.
ამა თუ იმ თემში, დრო და დრო ჩნდებოდნენ სახელგანთქმული მონადირეები, რომელთა
მიერ დახოცილი ცხოველების რაოდენობა ასს აღწევდა,
ასეთ შემთხვევაში ეს ადამიანი ატარებდა დიდ ლოცვის რიტუალს მამა ღმერთის სახელზე. ამ
ტრადიციას „სიბრკელა“ ერქვა.
ამ ტრადიციის
არსებობას ჩვენში დღეს არსებული ფრაზეოლოგიაც ადასტურებს „სიბრკელას ახგენე“ ანუ ერთმანეთზე
მიაწყო-ამოხოცაო.
მონადირე ხაბჯუ ჩხვიმიანი.
ფარის თემში არსებობს ლეგენდა დიდ მონადირეზე, რომელსაც
ერქვა ხაბჯუ. ხაბჯუ ჩხვიმიანების გვარის წარმომადგენელი ყოფილა.ხაბჯუ ყოველთვის ნანადირევით
ხელდამშვენებული ბრუნდებოდა სახლში. მას თურმე ორჯერ გადაუხდია „ სიბრკელა“ მის ასეთ
წარმატებას ნადირობის ქალღმერთს დალის უკავშირებენ. თურმე მან პირადად დალოცა ხაბჯუ
მეთხვარი. ლეგენდა გვიამბობს: „ ერთხელ სანადიროდ წასული ხაბჯუ მეთხვარსა და მის თანხმლებთ,
სიმღერის ხმა შემოესმათ იქვე მდებარე გამოქვაბულიდან, ხაბჯუ დაინტერესებულა, თუ ვინ
იყვნენ ასეთი საოცარი ხმის პატრონნი და შესულა, თურმე ნადირობის ღმერთებს ნადიმი ქონიათ
გამართული, ხაბჯუს მისვლა ძალიან გახარებიათ და ჯიხვის ყანწით სასმელი მიუწოდებიათ.
ხაბჯუს დაულოცავს და მადლობა გადაუხდია მათთვის, ხოლო ნადირობის ქალღმერთ-დალის ხაბჯუსთვის
პატარა კოლოფი გადაუცია და უთქვამს, გაუფრთხილდი არ დაკარგოო. იმ დღის შემდეგ ხაბჯუ
ხელცარიელი არასდროს ბრუნდებოდა ნადირობიდან. როგორც მისი შთამომავლები ყვებიან ხაბჯუს
474 ჯიხვი და არჩვი,ხოლო 61 დათვი დაუხოცავს.
მითი რომელიც ამ ადამიანზე შეიქმნა და ხალხში დადის მის ასეთ წარმატებას უკავშირებენ დალისგან საჩუქრად მიღებულ თილისმას,რომელიც
მას თოფის კონდახში შეუნახავს. ამ თქმულების ნამდვილობას არ ადასტურებენ მისი შთამომავლები,თუმცა ბაბუისგან
მონათხრობი კარგად ახსოვთ,რომელიც ზებუნებრივ ძალებს უკავშირდება. ხაბჯუ ყვებოდა რომ
ერთხელ სანადიროდ მყოფმა მოინადირა ჯიხვი,დაბრუნდა სადგომში და გულ-ღვიძლი შამფურზე
ააგო შესაწვავად,უცებ ამტყდარა ჭექა-ქუხილი,ზრიალი თითქოს ცა და დედამიწა ჩამოიქცა,მაშინ
ხაბჯუს აღუვლენია უფლისადმი ლოცვა ,ოღონდა დამშვიდდეს ყველაფერი და შენ გადამარჩინე
და შემოგწირავ ამ გულ -ღვიძლს ახლაც და ყოველთვის,გაუტანია და ნაძვის ქვეშ დაუტოვებია
ძღვენი,მეორე დილას დაუთვალიერებია მიდამო და არც შამფური და არც ჩიჩქი იქ არ დახვედრია.ამის
შემდეგ ის ნანადირევის გულ ღვიძლს უძღვნიდა ბაი აფსათსა და დალის.
ამ ადამიანზე, ფარის თემში
სიმღერაც კი შექმნილა, რომელიც ფერხულის თანხლებით სრულდება. მისი ავტორი ბიძინა დადეშქელიანი
ყოფილა. სიმღერაც გვიამბობს, რომ ხაბჯუ, წარმატებული მონადირე იმიტომ ყოფილა, რომ ნადირობის
ქალღმერთმა დალოცა და წარმატება დაანათლა,რადგანაც ერთხელ სანადიროდ მყოფ ხაბჯუს მგელი შეხვედრია,რომელსაც პირით ჩვილს
მიათრევდა,ხაბჯუმ მოკლა მგელი და ბავშვი გადაარჩინა,ეს ჩვილი ნადირობის ქალღმერთ დალის
ყოფილა და მას შემდეგ მადლიერების ნიშნად დალიმ ხაბჯუს წარმატებული ნადირობა დაანათლა.
„სიმღერა
ხაბჯუ მეთხვარ“
შაიმოდო-ხაბჯუ
მეთხვარ ფარიშ მარე
შაიმოდო-კუთხვა
მიჩა ბარჯას ხასდა
შაიმოდო-
ესღურინე მეშხამ ტუბას
შაიმოდო-სგებინ
ლახხვიდ მაბტკარ თხერე
შაიმოდო-თხერილს
ჩინჩვილ ხაფშვ ხუღვანდა
შაიმოდო
- ხაბჯუდ თხერილ ოსჭრჭკინე
შაიმოდო
- ჩუ ათაკვრ ედო მუჭვედს ჯაშხი
შაიმოდო-თხერილ
ჩინჩვილ ჩუ ოთკვარა
შაიმოდო-ხესმი
დალრე ლილეჭალლე
შაიმოდო-მაროქ
ათხვიდ ხოჩა დალარ
შაიმოდო-ხაბჯუ
მეთხვარ ჩინჩვილ ნაკლი
შაიმოდო-ჩინჩვილს
მიაქ ქალაჯტიხე
შაიმოდო-ჩუ
ოხფიშვდახ ლერსგვენ ლუსდიგვ
შაიმოდო-ჟიოდიახ
ჩინჩვილ მინე
შაიმოდო-ჩუ
ოხფიშვდახ ლერთენ ლუსდიგვ
შაიმოდო-ჟიოდიახ
ხაბჯუ მეთხვარ
შაიმოდო-საჩქვარდ
როქ მაი როქ ჯაკუ
შაიმოდო-ჩი
მკახჟი ეშდორი ღვაშ
შაიმოდო-ხაბჯს ღვაშარ ჩუ ხოკურქა
შაიმოდო-სგაოღ მეხდელი
ღეშდერ სოფელს
შაიმოდო-უბნა კიბდონ
ჟიოხბინახ
შაიმოდო-უკცენა კეც
ჩუ ოღ ხოკცენა
შაიმოდო-ჟიოღ ხობნახ
ოსარაშა.
თარგმანი
შაიმოდო-ხაბჯუ მონადირე
ფარელი კაცი
შაიმოდო-თოფი მასი მხარზე
ედო
შაიმოდო-მიდიოდა „მეშხამ
ტუბას“
შაიმოდო-წინ შემოხვდა
გამხდარი მგელი
შაიმოდო-მგელს პირით
ჩვილი ეჭირა
ხაბჯუმ მგელს დასჭყივლა
დააგდე თორემ მკერდს შეგინგრევ
შაიმოდო-მგელმა ჩვილი
დააგდო
შაიმოდო-ესმის დალის მოთქმა
შაიმოდო-რა მოხდაო კარგო
დალო
შაიმოდო-ხაბჯუ მონადირევ
ჩვილი გვაკლია
შაიმოდო-ჩვილს მე დაგიბრუნებთ
შაიმოდო-ჩამოუშვეს მარჯვენა
ნაწნავი
შაიმოდო-აიყვანეს მათი ჩვილი
შაიმოდო-ჩამოუშვეს მარცხენა
ნაწნავი
შაიმოდო-აიყვანეს ხაბჯუ
მონადირე
შაიმოდო-საჩუქრად რა მოგართვათო
შაიმოდო-ყოველ შემოდგომაზე
თორმეტი ჯიხვი
შაიმოდო-ხაბჯმ ჯიხვები მოინადირა
შაიმოდო-შემოსულა ღეშდერ
სოფელში
შაიმოდო-გაუხსნელი კიდობანი
გაუხსნია
შაიმოდო-გაუხსნელი ქვევრი
გაუხსნია
შაიმოდო-დაუწყიათ ოსარაშა.
ლექსიკონი:
შაიმოდო-სასიმღერო შეძახილი,
მეშხამ ტუბას-შავი ხეობა, სანადირო ადგილი,
ღვაშ-ჯიხვი,
დალი-ნადირობის ქალღმერთი,
მუკახ-შემოდგომა.
რუბრიკა მოამზადა: ეკა წულუკიძემ.
რუბრიკა მოამზადა: ეკა წულუკიძემ.
Комментариев нет:
Отправить комментарий