სვანური საპონი


საპონს ადამიანი უძველესი პერიოდიდან გამოიყენებს და მისი წარმოშობის შესახებ აზრთა სხვადასხვაობა არსებობს.დიდი ხნის მანძილზე მიიჩნეოდა,რომ საპნის პირველი მწარმოებლები რომაელები და ბერძნები იყვნენ,ერთ-ერთი მითის თანახმად,რომში არსებობდა მთა-საპო,სადაც როამელები ატარებდნენ მსხვერპლშეწირვის რიტუალს,სადაც დამწვარი მსხვერპლის ნაცარი და ქონი ერთმანეთს ერეოდა და ნაღვენთი  ჩაედინებოდა მდინარეში,სადაც მოსახლეობა სარეცხს რეცხდა,მათ შეამჩნიეს,რომ ეს ნაღვენთი,რომელიც მთიდან მოდიოდა კარგად აშორებდა ჭუჭყს და  მალე აქ დაიწყეს საპნის წარმოება და მთის სახელწოდებიდან დაარქვეს ამ მასას „საპო“.
ძველ საბერძნეთში,მდინარის წვრილ ქვიშას ურევდნენ ცხიმს და ასე იღებდნენ მყარ მასას,რომელიც კარგად აშორებდა  ჭუჭყს.
მე-19 საუკუნეში,თანამედროვე ერაყის ტერიტორიებზე წარმოებული გათხრების შედეგად აღმოჩნილ იქნა მრავალრიცხოვანი თიხის ლურსმული ფირფიტები,რომელიც დათარიღებულია დაახლოებით 5500 წლით.ერთ-ერთ ფირფიტაზე აღწერილია საპნის დამზადების რეცეპტი რომელიც დათარიღდა ჩვ.წ.აღ. 2800 წლით. შუმერული რეცეპტის თანახმად, საპონი მზადდებოდა ხის ნაცრის თუთქისა და ცხოველური ცხიმის ხარშვით.
შუმერში მას იყენებდნენ მატყლის შესათელად და კანის დაავადებების სამკურნალოდ.
მეცნიერების ერთი ნაწილი მიიჩნევს საპონი ბაბილონური წარმოშობისაა,თუმცა შემდეგ მიდიან დასკვნამდე,რომ ბაბილონი შუმერის ტერიტორიაზე წარმოიშვა და შესაბამისად მათ შუმერებისგან შეითვისეს მისი დამზადების ტექნოლოგია.
ებერსის პაპირუსი,რომელიც დათარიღებულია ჩვ.წ.აღ.მდე 1550 წლით,ასევე აღწერილია საპნის რეცეპტი
 საპნის წარმოშობის ისტორიის უძველეს მტკიცებულებად შესაძოა მივიჩნიოთ სწორედ შუმერული თიხის ფირფიტები,გამომდინარე იქიდან,რომ საქართველოს მთიანეთში სწორედ მსგავსი შემადგენლობით და რეცეპტით მზადდებოდა საპონი,შესაძლოა ვივარაუდოთ თარიღი 5800 წელი,რომელიც შემონახულია ქართულ რეალობაში და სვანეთში ის დღემდე შენარჩუნებულია ყოფაში.
საქართველოში,წერილობითი ძეგლები საპნის შესახებ მე-11 საუკუნიდან იძლევა ცნობებს(უსწორო კარაბადინი).ქეთევან სიხარულიძის ნაშრომში,“ხალხური ჰიგიენური  საშუალებები“ვკითხულობთ:“ქართულ ხალხურ ეთნოგრაფიულ ყოფაში შემორჩენილი ჰიგიენურ საშუალებათა შორის ერთ-ერთი უძველესია თავსაბანი მიწა(გუმბრინი).თავად გუმბრინი კი მონაცრისფრო თიხისებური მინერალია,რომელიც იმერეთში,სოფ.გუმბრინში მოიპოვება“უძველეს ქართულ სამედიცინო წიგნში“უსწორო კარაბადინი“ დაცულია ტერმინი „საპნის ქვა“-გაქვავებული საპონი.ჩვენი აზრით,ეს გაქვავებული საპონი თავსაბანი მიწაა,რომელსაც შენარჩუნებული აქვს  აქაფების თვისება.სწორედ ამიტომ იხსენიება საპნად.თავსაბან მიწას,ისევე,როგორც საპონს,გასარეცხადაც იყენებდნენ.ალ.თვალჭრელიძე-„უმთავრესად ამ მიწას მოსახლეობა იყენებდა თავის დასაბან და შალის ქსოვილების მოსათელად.“(ქ.სიხარულიძე.“ძეგლის მეგობარი“ტ.1.გვ 66-69.1988)
ეს ინფორმაცია ძირითადად ეხება ბუნებრივ მინერალს,თიხას,რომელსაც აქაფების თვისება ქონდა და გამოიყენებოდა როგორც ჰიგიენურ ასევე სამკურნალო საშუალებად.
საქართველოში საპონი მზადდებოდა მცენარეული,მინერალური ან ფრინველისა და ცხოველური ცხიმებისაგან.საპნის დამამზადებელნი, რომლებიც უპირატესობას "შინა საპონს" ანიჭებენ.საპნის დამზადების ერთ-ერთი ხერხი აღწერილია . ჩუბინაშვილის ლექსიკონში: "საპონი - კუმპა, ქონი მოდუღებული და გამხმარი სარეცხად".
ყოფაში დასტურდება საპნის ორი სახეობა - ტუალეტისა (პირსაბანი) და საოჯახო საპნები, რომლებსაც სხვადასხვანაირად ამზადებდნენ: არსებობდა შინაური ფრინველების ცხიმისაგან ნამზადი საპნები, საოჯახო-სარეცხი დანიშნულების საპნები კი ძირითადად მსხვილფეხა საქონლის ცხიმისაგან მიიღებოდა. სოფლად საკუთარი მოხმარებისათვის შინ ნამზადი საპონი გამოიყენებოდა, იყიდებოდა ისინი "მეწვრილმანეებთან და სასოფლო ბაზრობებზეც". საპონს თბილისის აბანოებშიც ხარშავდნენ. მას პატარძალს მზითვშიც ატანდნენ.
საპონი უძველეს ჰიგიენურ საშუალებადაა მიჩნეული სამედიცინო წიგნებსა და კარაბადინებში ("უსწორო კარაბადინი", "წიგნი სააქიმოი", "იადიგარ დაუდი", "სამკურნალო წიგნი - კარაბადინი". ტერმინ საპონს განმარტავს სულხან-საბა ორბელიანი: "საპონი (საპოვნი) ფრანგულია. ქართულად წერილით შენაზავები და განსაწმენდელი ეწოდების, ხოლო სოფლურად - კუმპა". ტერმინი კუმპა დღემდე გვხვდება ყოფაში.
ტერმინ საპონში თავისთავად იგულისხმება მისი დამზადებისას გამოყენებული სხვადასხვა ბალახოვანი მცენარე: საპონა, საპონელა, ყოჩივარდა, ქაფუნა, ხელსაბანი, კალია, თავსაბანი მიწა, რომელთაც ახასიათებს აქაფების თვისება. ზემოთ ჩამოთვლილი საპნები განეკუთვნება "მდელო მრეცხელთაის", .. ბალახოვან საპნებს. აღნიშნული ტერმინი მოცემულია სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონში: "მდელო ესე არს ყოველივე მწვანვილი ველისა... ვითარცა მდელოი მრცხელისა არა რა სხვაა, რამეთუ მდელონი არიან, რომელნი განასპეტაკებენ სარცხელსა, მდელოი ეწოდების საპოვნსა... ვითარცა მდელოი მრცხელისა... რომელი განასპეტაკებს შარსა და ხამთა ტილოთა, რეცა საპონთა სახელი მისდა უწოდებიეს ბალახი".
ამდენად, საპონი ზოგადი სახელია იმ ჰიგიენური საშუალებებისა, რომლებიც სხვადასხვა ნედლეულისაგან მზადდებოდა: 1. ბალახებისა და მცენარეებისგან: 2. თიხა-მინერალებისაგან; 3. ფრინველთა და ცხოველთა ცხიმებისაგან.
დასაბანი რთული საშუალებაა, როგორც უკვე ვწერდით, თავსაბანი მიწა, რომელიც გუმბრინის სახელითაა ცნობილი. თავსაბანი მიწა თითქმის მთელ საქართველოშია გავრცელებული და სხვადასხვა ფერისაა: თეთრი, წითელი, ლურჯი. იგი ძირითადად ოჯახში მზადდებოდა და როგორც სოფლად, ისე ქალაქად "მეწვრილმანეებთან" იყიდებოდა. თავსაბანი მიწის დამზადების წესი ასეთია: მიწის ერთ ნაწილს გახსნიდნენ წყალში და მიღებულ ფაფისებურ მასას ახმობდნენ მზეზე "გუნდებად" ან "კალაპოტებად". დაბანის წინ მას წყალში გახსნიდნენ, ააქაფებდნენ, როგორც საპონს. სცოდნიათ თავსაბანი მიწის ღვინოში დალბობაც. ის სასიამოვნო ბზინვარებას აძლევდა თმას, აქრობდა ქერტლს, შველოდა თმის ცვენას. თავსაბანი მიწა დამოწმებულია "უსწორო კარაბადინში". ხალხი მას "მიწის საპონსაც" ეძახდა. გარდა ჰიგიენურისა, მას სამედიცინო დანიშნულებაც ჰქონდა. ასევე იხმარებოდა საღებავად. ცნობილია, რომ ქართული "ლურჯი სუფრის" მოხატვისას თავსაბანი მიწა გამოიყენებოდა.
სამეგრელოში,საპნად იყენებდნენ თეთრ თიხას,რომელსაც „დიხა-ჭუბერს“ უწოდებდნენ.
ხევში,  საპონს ნაცარწმინდილითა და ცხიმის დამატებით ამზადებდნენ,ხშირ შემთხვევაში  მხოლოდ ნაცარწმინდილს იყენებდნენ სარეცხ საშუალებად,ამჟამად,როგორც ყაზბეგის მკვიდრი,სათემო აქტივისტი და პედაგოგი,ნაზი ჩოფიკაშვილი გვამცნობს,ხევში მსგავსი საპნის ხარშვის ტრადიცია საერთოდ არ არსებობს.
სვანეთში,  საპონს  უძველესი დროიდან ადგილზე ამზადებდნენ. სახლის პირობებში მომზადებული საპონი, არაჩვეულებრივი სარეცხი და დასაბანი საშუალება იყო. მისი დამზადებისათვის საჭიროა მხოლოდ ნაცარი და ღორის ან საქონლის ქონი.
    თავდაპირველად აგროვებენ დიდი რაოდენობით ხის ნაცარს,უმჯობესია იყოს წიფელა ან მურყანი. წიფლის ხის ნაცარი  მოთეთრო ფერისაა ამიტომაც საპონი თეთრი ფერის გამოდის.ხოლო წიწვოვანი ხის ნაცარი არ გამოიყენება.
ნაცრის შეგროვება ძალიან სუფთად  მიმდინარეობს,მასში არ უნდა იყოს შერეული რაიმე სხვა ნივთიერების ნამწვი,რომელიც შესაძლოა ღუმელში დაწვის მიზნით მოხვდეს.
სუფთა ნაცარს,გაცრიან და მოათავსებენ დაჩხვლეტილ  კასრში,რომელსაც რეგულარულად ასხამენ თბილ წყალს,ხოლო ქვეშ ჭურჭელს უდგამენ ,რაშიც გროვდება თუთქი.(ნაცარწმენდილი)
კარგად გამოწურულ თუთქს,რომელსაც ჩვენში „ჰერამს“ უწოდებენ ძლიერ ცეცხლზე ადუღებენ.მასა იმდენ ხანს დუღს სანამ არ შესქელდება,ამის შემდეგ უმატებენ საქონლის ან ღორის ქონს. თუ ქონი აკლია, საპონი ფშვნადია და რეცხვისას თეთრ ლაქებს ტოვებს, ამიტომ მნიშვნელოვანია ქონი საჭირო რაოდენობით დაემატოს.  ამ ნაცრისა და ქონის ნაზავს ისევ ხარშავენ, სანამ მასა ცომივით სქელი არ გახდება, შემდეგ ათავსებენ პატარ-პატარა ყალიბებში, ფორმის მისაღებად, საიდანაც მალევე, თბილს გადმოაგდებენ და შეახვევენ პირსახოცში, ამ პირსახოცში გახვეულს ტკეპნიან და ამაგრებენ, შემდეგ აწყობენ ფიცრის ნაჭერზე გამოსაშრობად.
საპნის ეს რეცეპტი სულ ეხლახანს ჩაიწერა სოფ.ფარში,ანალოგიური რეცეპტი არის დაცული სვანური ენის ქრესტომათიაში(აკ.შანიძე,მ.ქალდანი.1978წგვ.135-36 )
საპონის დამზადებულია არააგრესიული ნაცრისა და ცხოველური ცხიმისაგან, რომელიც იხარშება მთის წყალზე და ხარშვისას ცხოველური ცხიმების დიდი ნაწილი გარდაუქმნელი რჩება და სწორედ ეს იწვევს, რომ საპონს აქვს დამარბილებელი ეფექტი და თმების მოვლის საუკეთესო საშუალებაა, არ იწვევს გაღიზიანებას და კანის გამოშრობას,შესაბამისად აქვს ქერტლის საწინააღმდეგო ეფექტი.საპნის მომზადების დროს მიმდინარეობს .. ცხიმის შესაპნების რეაქცია. ცხიმი წარმოადგენს მაღალმოლეკულური ორგანული მჟავასა და გლიცერინის ესტერს, რომელიც ტუტეების თანაობისას განიცდის ჰიდროლიზის რეაქციას. ჰიდროლიზის შედეგად მიიღება გლიცერინი და კარბონმჟავას ნატრიუმის ან კალიუმის მარილი, იმისდა მიხედვით, თუ რომელი ტუტე იყო გამოყენებული.
 ნაცარი წარმოადგენს კალიუმის კარბონატს, რომელიც სუსტი ტუტეა. სოფლად კალიუმის ან ნატრიუმის ტუტე ხელმისაწვდომი არ იყო და ამიტომ ნაცარს იყენებდნენ შესაპნებისათვის. თუმცა უნდა ითქვას, რომ ხარისხიანი საპნის მიღება დიდად არის დამოკიდებული ტუტის გვარობაზე და კონცენტრაციაზე. სამწუხაროდ, ნაცრის გამოყენების შემთხვევაში ამ პარამეტრების სწორად შერჩევა ვერ ხერხდება, რაც აისახება კიდეც საპნის ხარისხზე.



>

სტატია მოამზადა: ეკა წულუკიძემ.

Комментариев нет:

Отправить комментарий